წიგნის გამოცემის მიზეზი
უნდა დავბეჭდო მაინც ეს წიგნი.
ადრინდელი ფილტრი მოძველდა.
ბევრ შხამს უშვებს,
აბინძურებს გარემოს – ვამჩნევ.
ხუთი წელი კი იმუშავა.
კაი ხანი აკავებდნენ ის ლექსები
ჩემი ცხოვრების მომწამვლელ გაზებს.
ახალგაზრდა რომ ვიყავი,
უფრო ხშირ-ხშირად ვცვლიდი ფილტრებს,
ასაკმა კი გამაზარმაცა.
მაგრამ სხვა გზა უკვე არაა.
უნდა დავბეჭდო ახალი წიგნი.
ახალი ფილტრი დავიყენო.
თორემ ვატყობ – ძველი შხამების
გამოშვება თუ განვაგრძე,
დავიღუპავ ასე თავსაც და
სხვებსაც დავღუპავ.